მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ეყოლება! ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მუნდიალის ფინალში გასულ ჰოლანდიის საფეხბურთო ნაკრებს ესპანეთის ეროვნული გუნდი შეუერთდა. ვისენტე დელ ბოსკეს მიერ დარიგებულმა “ფურია როხამ” გერმანელებს აშკარად აჯობა და კარლეს პუიოლის მიერ 73-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით, ნახევარფინალი 1:0 მოუგო. დურბანის სტადიონზე გამართული შეხვედრის წინ მწვრთნელებმა ჩვეულ შემადგენლობებში თითო ცვლილება განახორციელეს. თუკი იოახიმ ლიოვის ნაბიჯი – დისკვალიფიცირებული ტომას მიულერის პიოტრ ტროხოვსკით ჩანაცვლება იძულებითი გახლდათ, ვისენტე დელ ბოსკეს მიერ ფერნანდო ტორესის მაგივრად სასტარტოში პედრო როდრიგესის “დაყენება” უფრო ესპანური საფეხბურთო სამყაროს ზეწოლის შედეგი უნდა ყოფილიყო. ასე იყო თუ ისე, მატჩს უფრო კარგად მომზადებულნი პირენეელები შეხვდნენ. ესპანეთმა, რომლის სასტარტო შემადგენლობაში “ვილიარეალის” წევრ ხუან კაპდევილას გარდა, ყველა ფეხბურთელი ან “ბარსელონადან” ანაც “რეალიდან” (7 კატალონიელი და 3 კასტილიელი) გახლდათ, ჩვეული კომბინაციების “ხლართვა” პირველ ტაიმშივე სცადა, თუმცა, სახიფატო მომენტების შექმნა უჭირდა, მეორეში კი ყველაფერი თავის ადგილას დააყენა. დელ ბოსკეს ბიჭებმა მანუელ ნოიერის კარისკენ 13 დარტყმა განახორციელეს (მეტოქემ მხოლოდ ხუთი), რომელთაგან აუღებელი კარლეს პუიოლის “გასროლა” აღმოჩნდა. 73-ე წუთზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი “ბარსელონას” კაპიტანი თანაგუნდელი ხავის კუთხურს გამოეხმაურა და ათიოდ მეტრიდან განხორციელებული თავურით გუნდს გამარჯვება მოუტანა. აქვე მოგახსენებთ, რომ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ხავი იქნა აღიარებული, რომლის 106 პასიდანაც 92 ზუსტი გამოდგა, მის მიერ დაფარული 12 321 კილომეტრი კი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა. პუიოლის გოლის შემდეგ, ესპანელებს მეტოქის კონტრშეტევაზე “დაჭერა” რამდენჯერმე შეეძლოთ, თუმცა, ბოლო პასის განხორციელება უჭირდათ. განსაკუთრებით უნიათოდ პედრო როდრიგესი მოიქცა, რომელმაც აბსოლუტურად მარტო მყოფ ფერნანდო ტორესს (იგი მინდორზე დავიდ ვილიას ნაცვლად გამოჩნდა) ბურთი არ გადააწოდა, არადა, ეს უკანასკნელი მეკარესთან პირისპირ რჩებოდა. ამ ფონზე გერმანიის ნაკრები არცთუ დამაჯერებლად გამოიყურებოდა. ინგლისისა და არგენტინის ნაკრებთა კარში რვა გოლის გატანის შემდეგ, ლიოვის ბიჭები თითქოს ძალაგამოცლილები სჩანდნენ და შეტევაშიც ვერც ისე სწრაფად გადადიოდნენ, როგორც – უწინდელ მატჩებში. ტომას მიულერის არყოფნაში, ბუნდესგუნდმა, ფაქტობრივად ერთადერთი რეალური მომენტი შექმნა. ესპანელთა გოლამდე ხუთი წუთით ადრე, ლუკაშ პოდოლსკის ფლანგურ ჩაწოდებას შეცვლაზე შესული ტონი კროოსი გამოეხმაურა, თუმცა, იკერ კასილასმა გუნდის გადარჩენა შეძლო. ერთი საგულისხმო დეტალიც. მატჩი უჩვეულოდ კორექტული გამოდგა და მთავარ არბიტრს – უნგრელ ვიკტორ კასაის ერთი ყვითელი ბარათიც კი არ უჩვენებია, გუნდებმა კი ჯამში თამაშის წესები მხოლოდ 16-ჯერ დაარღვიეს. ამგვარად, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, რომელსაც 11 ივლისს, თბილისის დროით 22:30 საათზე იოჰანესბურგის “სოქერ სიტი სთედიუმი” უმასპინძლებს, ერთმანეთის პირისპირ ჰოლანდიისა და ესპანეთის ნაკრებები დადგებიან. “ნარინჯისფერები” მუნდიალის გადამწყვეტ მატჩში მესამედ ითამაშებენ, ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა “ფურია როხამ” კი ამ უდიდეს წარმატებას ისტორიაში პირველად მიაღწია.